კნაუფის სასწავლო ცენტრი

Modern Roofing
Knauf Training Center

ევროპული სტანდარტის სასწვალო ცენტრი, მუშახელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად

სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომ მუშახელის დაბალი კვალიფიკაციაა, ეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით, საყოველთაოდ აღიარებული მოვლენაა. დაბალი კვალიფიკაცია – დაბალი ხარისხით შესრულებულ სამუშაოს ნიშნავს, რამაც შესაძლოა სამშენებლო მასალა გააფუჭოს და საბოლოოდ მთელი სამშენებლო ციკლი შეაფერხოს. ვინც ამ სექტორში ოპერირებს და მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, თავისი ძალებით ცდილობს დაძლიოს ეს გამოწვევა და მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაში თავისი წვლილი შეაქვს.

კომპანია „კნაუფმა“ პროფესიული სასწავლო ცენტრი 2017 წელს გახსნა საქართველოში. პროექტის მიზანი, ხელოსანთა პროფესიული დონის და შესაბამისად მშენებლობის ხარისხის ამაღლებაა. აქ მსმენელს შეუძლია მიიღოს განათლება მშრალი და ტრადიციული მშენებლობის სხვადასხვა დარგში. პროექტი გერმანიის სამთავრობო ორგანიზაცია DEG-ის (გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების საზოგადოება) პატრონაჟით განხორციელდა და სასწავლებელმა უკვე 400-მდე მსმენელი გადაამზადა.

ჩვენ გვაქვს სადილერო ქსელი და ჩვენი დილერები ყიდიან „კნაუფის“ მასალებს მომხმარებლებზე. პრობლემა ისაა, რომ ჩვენსა და საბოლოო მომხმარებელს შორის დგას ხელოსანი და როგორ დაამუშავებს ხელოსანი „კნაუფის“ მასალას, იმაზეა დამოკიდებული რა პროდუქტს მიიღებს საბოლოო მომხმარებელი, ე.ი. ხელოსანი არის ჩვენი სახე და ჩვენი პროდუქციის რეკლამაც. სამწუხაროდ, ხშირად ხელოსნების პროფესიონალიზმი ეჭვს ბადებდა, ამიტომ იძულებული გავხდით, თავიდან სხვა კოლეჯებს დავხმარებოდით ხელოსნების განვითარებაში, შემდეგ კი უკვე ჩვენი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების დროც დადგა – განმარტავს „კნაუფის“ გენერალური დირექტორი საქართველოში გიორგი ჯაფარიძე.

სასწავლო ცენტრში მსურველების მიღება, სწავლება და სერთიფიცირება

კნაუფის სასწავლებელში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოვყოთ: სწავლება უფასოა, ყველა სახელმძღვანელო უფასოა, ხოლო კურსებზე  ჩაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სასწავლებელი მსმენელებს სთავაზობს სარემონტო სამუშაოების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რომლებიც განკუთვნილია სამშენებლო დარგის ხელოსნებისთვის, არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისა და რიგითი მსურველებისთვის. აღსანიშნავია, რომ ტრენინგების განრიგი მსმენელზეა მორგებული, ხოლო ტრენინგის ხანგრძლივობა არჩეულ საგანზეა დამოკიდებული. სწავლების ბოლოს ცოდნის შესამოწმებლად, სურვილისამებრ სტუდენტებს ტესტირება უტარდებათ. წარმატებულ კურსდამთავრებულებს საერთაშორისო დონის ქართულ-გერმანული სერთიფიკატი გადაეცემათ.

გარდა თეორიული და პრაქტიკული სწავლებისა, ხელოსნების პროფესიონალიზმის ამაღლებას „კნაუფი“ სასწავლო ცენტრის გარეთ, სამშენებლო მოედნებზეც ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩადიან და მსურველებს ტრენინგებს ადგილზევე უტარებენ.

დასაქმების პერსპექტივა

დასაქმების პერსპექტივა რომ დიდია, ეს უდავოა. დღესდღეობით მილიონობით კვადრატული მეტრი ფართობი შენდება საქართველოში, რაც დასრულებას საჭიროებს და კვალიფიური მუშახელის დეფიციტს განიცდის. აქვე ჩნდება კითხვა – რატომ არიან ქვეყანაში უმუშევარი ადამიანები, მაშინ როდესაც სამშენებლო სექტორს კადრების დეფიციტი აქვს? ამ მნიშვნელოვან კითხვაზე ობიექტური პასუხის მისაღებად, ჟურნალის გუნდი “კნაუფის” სასწავლო ცენტრს ვეწვიეთ და თავად გადავწყვიტეთ გვენახა, როგორ ხორციელდება სამშენებლო ხელობის პროფესიული სწავლება და რამდენად რთულია ამ პროფესიის დაუფლება საქართველოში.

მოსვრილი იატაკი, კედლები და თვით ტრენერიც კი –  ალბათ ეს პირველი ასოციაცია, რაც სამშენებლო ხელობის სწავლებასთან ასოცირდება, თუმცა “კნაუფის” სასწავლო ცენტრში, მაღალი დონის კომფორტი და სწავლების ევროპული ხარისხი დაგვხვდა. თეორია თეორიაა, მაგრამ პრაქტიკული გაკვეთილი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის: როგორ უნდა დავიცვათ სიზუსტე, როგორ უნდა დავამაგროთ “კნაუფის”თაბაშირმუყაოს ფილა დგარზე, ხოლო სჭვალსახრისნით (დრელით) მუშაობა განსაკუთრებით სახალისო იყო პირადად ჩემთვის – თურმე ადვილია, თურმე საკმაოდ სუფთა საქმეა, თურმე მეც შემიძლია! აქ მთავარია ადამიანის სურვილი, გახდეს კვალიფიციური და შესაბამისად მოთხოვნადი კადრი სამშენებლო ბაზარზე.

  • სწავლის ღირებულება – უფასო;
  • სახელმძღვანელო – უფასო;
  • უნიფორმა პრაქტიკული გაკვეთილებისთვის – უფასო;

რაც შეეხება ჟურნალისტთა სწავლებას, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით ჩაიარა და „შეკიდული ჭერი“ პირველი მცდელობის კვალობაზე კარგად გავაკეთეთ. მართალია, მშრალი მშენებლობის სპეციალისტებს ე.წ. “გიფსო კარდონშიკებს” დიდ კონკურენციას ვერ გავუწევთ, თუმცა სახლში დადებითი ემოციებითა და უფრო მეტი ცოდნით დავბრუნდით – სულ მცირე, შევძლებთ, მეტი კითხვები დავუსვათ და მეტი მოთხოვნები გაგვიჩნდეს ხელოსნების საქმის მიმართ, რაც თავის მხრივ, მათ განვითარებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ უბიძგებს.

ჟურნალი “Construction Solutions”

მსგავსი სტატიები