კვლევის მიხედვით, ინოვაციურ სამშენებლო ტექნოლოგიებს შორის დრონები ლიდერობენ

Modern Roofing

კომპანია ‘’Software Connect“ სამშენებლო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის, მეტწილად აშშ-სა და კანადის მასშტაბით ჩატარდა. რესპონდენტები, სამშენებლო ინდუსტრიაში ჩართული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება სამშენებლო სექტორის მიერ დრონების აქტიურად გამოყენება აღმოჩნდა. ‘’Software Connect“-ის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის 18% უკვე იყენებს დრონებს სამშენებლო სამუშაოების დროს. სხვა ინოვაციური ტექნოლოგიებიდან ასევე გამოიყენებენ ავტონომიურ სამშენებლო ტექნიკას (16%), დამატებითი და ვირტუალური რეალობის ხელსაწყოებს (6%) და 3D ბეტონის პრინტერებს (4%). ამასთანავე, რესპონდენტთა 8% კი აღნიშნავს, რომ სამშენებლო საქმის წარმოების პროცესში დრონების გამოყენებას 2020 წლისთვის აპირებს. დრონებს ძირითადად რუკების შედგენასა და ფოტოგრამეტრიაში იყენებენ.

სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიის დანერგვა დროისა და ფიზიკური შრომის ხარჯების შესამცირებლად სასარგებლო რესურსია. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორი ყველაზე აქტიურია, იმ ინდუსტრიათა შორის, რომლებშიც დრონებს იყენებენ. ასეთებია სოფლის მეურნეობა, სადაზღვევო სფერო, პოლიცია და სახანძრო სამსახური. კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 81% მზადაა გამოყოს მეტი ბიუჯეტი იმისთვის, რომ გასულ წელთან შედარებით მეტი ინოვაციური ტექნოლოგია ჩართოს სამშენებლო სამუშაოებში. რესპონდენტების უმრავლესობას ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია პროექტის მონიტორინგის, შეფასებისა და სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის საკითხებში.

მსგავსი სტატიები