კვლევის თანახმად, სამშენებლო მასალებში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

Construction News

კვლევის თანახმად, თბილისში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალებში, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევა დედაქალაქში იანვარ-მარტის თვეებში ჩაატარეს. მათ თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან აღებული 300-მდე ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯების ლაბორატორიული კვლევა განახორციელეს. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მავნე ნივთიერების ზღვარი დასაშვებს 200-ჯერ აღემატება.

ამასთან, კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ.

„ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი», – განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა.

გარდა სამშენებლო მასალების და საკვები პროდუქტებისა, ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა სათამაშოებშიც.

მსგავსი სტატიები