კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციაზე 11,000,000-ზე მეტი დაიხარჯა

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა.

მუშაობის შედეგს დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

„ჩვენ დავასრულეთ კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი. დარჩენილია გამწვანების სამუშაოების ნაწილი და გზის დახაზვის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პირველად დავიწყეთ სწორედ სათადარიგო ზოლების რეაბილიტაცია, რადგან, როდესაც შეზღუდვები იქნება ცენტრალურ გზაზე, მათ გამოვიყენებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალში მოეწყო ტროტუარი და ბორდიური, დაახლოებით 70,000 კვ. მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სანიაღვრე ქსელს.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები