კახა კალაძე: გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია

Construction News

გაზის რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით თბილისის მერიას შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ რეგულაციების გასამკაცრებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს.

„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველამ ვიცით, რომ გარეწვის გამათბობლების დახურულ სივრცეში მონტაჟი კატეგორიულად აკრძალულია, მით უმეტეს, კუსტარულად და ეს სერიოზულ შედეგებს იწვევს. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. შემთხვევები, შეიძლება ხდებოდეს, როგორც კომპანიის, ასევე, მობინადრეების დაუდევრობის შედეგად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს დეტექტორების დამონტაჟება საცხოვრებელ ბინებში, რასაც მერიაც შეუწყობს ხელს.

„მერიას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ გადასახადები ამ მიმართულებით. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომლებსაც შეიძენს თვითონ აბონენტი. დღეისათვის მათ აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ ადამიანთან მივიდნენ და განახორციელონ მონტაჟი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები