იტალიურ-ქართული ბიზნეს ფორუმი სამშენებლო და საინჟინრო დარგებს მიეძღვნა

Construction News

დღეს იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარგს, კერძოდ, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. 

ბიზნეს-ფორუმი გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ პოტენციალი აღნიშნული კავშირების გაღრმავებისა ძალიან დიდია.

საქართველო, მისი 3.7-მილიონიანი მოსახლეობით, შეიძლება არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად, თუმცა, თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მაშინ ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალურ აზიას, ევროკავშირს, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე და ამ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, (მათ შორის ჰონკონგთან), EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან და თურქეთთან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროპული კომპანიები ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის პროექტებში”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ბიზნესფორუმი იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები