თბილისში, ისნის რაიონში საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 326,388 ლარია.
ამ დროისთვის, აბრამიშვილის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადის აღდგენა ხდება, ხოლო დოდაშვილის ქუჩის N23-სა და არმაზის ქუჩის N17-ში მდებარე თბილისურ ეზოში, ავარიული სახლების გამაგრება მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება ქეთევან წამებულის გამზირის N63ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოები.
პროექტის მიხედვით, ბეტონის ფილებით თითოეული შენობის საძირკვლის გამაგრება მოხდება, ეწყობა რკინა-ბეტონის სარტყელები და ზღუდეები, მიმდინარეობს კედლების ჩასმა არმატურის დამცავ ბადეებში, ტარდება სახურავების რეაბილიტაცია, რომელიც ხის მასალით კონსტრუქციის სრულად აღდგენას, ახალი სახურავის მოწყობასა და ფასადის განახლებას მოიცავს.