ირაკლი როსტომაშვილი: 40,000 მოქალაქეს შეიძლება, დასაქმების პრობლემა შეექმნას

Construction News

“მენაშენეთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის ვარაუდით, ახალი საბანკო რეგულაციების შემოღებამ, შესაძლოა, 40,000 მოქალაქეს დასაქმების პრობლემა შეუქმნას. ამის შესახებ როსტომაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ახალი საბანკო რეგულაციების შემოღებამ, ბანკებში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10-ჯერ შეამცირა იპოთეკური სესხების გაცემა. დეველოპერულ კომპანიებს 50%-ით შეუმცირდათ უძრავი ქონების რეალიზაცია. რიგი კომპანიები უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ახალი დეველოპერული პროექტის დაწყებას.

ქვეყანაში თვითდასაქმებული მოქალაქეების 30-40% სწორედ მშენებლობაზე, ან მასზე უშუალოდ დამოკიდებულ სფეროებზე არიან დასაქმებულნი. (ტრანსპორტი, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება და იმპორტი, კარ-ფანჯრის წარმოება, ავეჯის წარმოება, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, მღებავები, კერამიკული ფილის დამგებები და ა.შ.) უხეში გათვლებით ეს 80 000 დასაქმებულია, რომელთა უკან 200,000 მოქალაქეა (ოჯახის წევრები). მარტივი არითმეტიკით, 40,000 მოქალაქეს შეიძლება დასაქმების პრობლემა შეექმნას…

ბოლო წლების გამოცდილებით, უმუშევრად დარჩენილი მუშები და ხელოსნები მასობრივად გაედინებიან ქვეყნიდან და ევროპის ქვეყნებში ეძებენ სამუშაოს. (ეს კარგ შემთხვევაში, ცუდ შემთხვევაში, ძარცვა-ყაჩაღობით ირჩენენ თავს). იქმნება სერიოზული დემოგრაფიული პრობლემაც, როდესაც 20-45 წლის მამაკაცები, რომელიც ქვეყნის გენოფონდია, გადიან საქართველოდან.

p.s. ჩემი აზრით, გადაწყვეტილებების მიღებამდე, ესეთი საკითხები უნდა იხილებოდეს უშიშროების საბჭოზე (რომელიც აღარ გვაქვს)…”, – წერს “მენაშენეთა ასოციაციის” თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მოქალაქეს არ ექნება. ამასთან, დებულებით დგინდება, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

მსგავსი სტატიები