ინჟინრებმა ხმის 94%-ით ჩამხშობი ხელსაწყო შეიმუშავეს

Modern Roofing

ინჟინრებმა ხმის ჩამხშობი ხელსაწყო გამოიგონეს. სინთეტიკურ, ხმის ჩამხშობ მოწყობილობას რგოლის ფორმა აქვს და პლასტმასისგან არის დამზადებული.

აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის ინჟინრებს სურდათ საგნის ფორმა ისე შეემუშავებინათ, რომ მას მიღებული ხმაური უკან დაებრუნებინა. Sciencedaily-ს ცნობით, ტაქტიკამ გაამართლა და ხმის დონეების შეფასებისას მათ აღმოაჩინეს, რომ პლასტმასის მცირე ზომის საგანს ხმის 94%-ის შეკავება შეუძლია.

მათემატიკური სიზუსტით შექმნილი რგოლის გარშემო განლაგებული ხვეულები ხმის ტალღებს ბლოკავს და ჟღერადობას უშლის ხელს. მკვლევარებმა ნივთი მეგაფონებსა და ხმის სხვა გამაძლიერებელ მოწყობილობებზე გამოსცადეს. პლასტმასისგან დამზადებული ნივთის შესაქმნელად მათ 3D პრინტერი გამოიყენეს.

როგორც გამომგონებლები აღნიშნავენ, ხმის იზოლაციის აქამდე არსებული მოდელები მოძველებული და მოუქნელია. ხმაურისგან თავის დასაცავად ძირითადად სქელი კედლების აშენებას ან ე.წ. ბგერათშთანთქმელების დამონტაჟებას მიმართავენ. თუმცა ეს გზა ყველა სიტუაციაში არ არის ეფექტიანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხმაური ღია სივრცეში იფანტება.

ინჟინრებისთვის ინსპირაცია ის ადამიანები იყვნენ, ვინც მშენებლობებსა და გზატკეცილებზე მუშაობენ და ტექნიკის ხმაურისგან თავდასაცავად ყურში საცობებს ირგებენ. ინოვაციური ხმის იზოლატორი დააბრკოლებს ხმის ტალღებს და არა თავად ჰაერის ნაკადს. ის მოსახერხებელი იქნება სახლებსა თუ ოფისებში გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების საშუალებების ხმაურის ჩასახშობად. მისი მეშვეობით სიგრილე და სითბო უზრუნველყოფილი იქნება და ჰაერის ნაკადიც დაუბრკოლებლად იმოძრავებს.

მსგავსი სტატიები