ინდოეთში ახალი გრანდიოზული ქალაქის მშენებლობა დაიწყო

Construction News

ინდოეთის დასავლეთით, გუჯარათის შტატთან ახლოს, ახალი ქალაქის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს. Financialexpress-ის ცნობით, ადგილობრივი შტატის ხელისუფლება ქალაქს ყველაზე ჭკვიანისა და ფუტურისტულის სტატუსს უწინასწარმეტყველებს.

როგორც გუჯარათის მსოფლიო სამიტზე დაანონსდა, ახალი ქალაქი მუმბაიზე 2-ჯერ, ხოლო შანხაიზე 6-ჯერ დიდი იქნება. ფართობით ის სინგაპურსაც გადაუსწრებს. 

ტერიტორიის გასუფთავება სამშენებლო სამუშაოებისთვის 2014 წლიდან დაიწყო და 2019 წლის ბოლოსთვის 5,600 აკრი (1აკრი=4.047კვ. მეტრს) იქნება ათვისებული. ხელუხლებელი ტერიტორიის განაშენიანების პროექტის მიზანია, ქალაქი მდგრადი ინდუსტრიის ცენტრად გადაიქცეს. მისი მასშტაბებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, მასში 2 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს. 2042 წლისთვის ქალაქი დამატებით 800,000 სამუშაო ადგილს შექმნის.

მშენებლობის პირველი ფაზა 153 კვადრატულ კილომეტრ ფართობს დაფარავს და 2030 წლისთვის დასრულდება. ამ ეტაპზე 8-ზოლიანი სატრანსპორტო გზისა და აეროპორტის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ხელმძღვანელები ქალაქის დახასიათებისას აღნიშნავენ, რომ მშენებლობის მიზანი გარემოს დაბინძურების დონის შემცირება და უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნაა, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება ღია სივრცეებითა და გამწვანებული გარემოთი.

დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის საკითხსაც. ქალაქი ენერგო ეფექტურობის გაზრდასა და ეკოსისტემის დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

მსგავსი სტატიები