შპს „გერალის“ დირექტორმა ლევან წიკლაურმა imedinews- ს განუცხადა, რომ თუშეთის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეფერხდა.
მისი განმარტებით, ამის მიზეზი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 25-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესები გახდა, რის გამოც გზა ქვის დიდი ლოდებისგან ჩაიხერგა.
„დავუკავშირდით საგზაო დეპარტამენტს და რეაგირებას ველოდებით. არ არის გამორიცხული ქვების დაბურღვა ან აფეთქება მოხდეს“, – აცხადებს წიკლაური.
თუშეთის საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე იკეტება. ამ პერიოდში მთაში ასვლა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი.
ინფორმაციას imedinews ავრცელებს. ფოტო – კახაბერ კუპატაძე