თბილისში, თემქის მესამე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია.
კომპანია “ყაზტრანსგზ-თბილისის” ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა გახდა.