თებერვლიდან ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა დაინერგება

Construction News

2019 წლის თებერვლიდან ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა ეტაპობრივად დაინერგება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო” განაცხადა.

მისი თქმით, მწვანე ეკონომიკა ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრესი საშუალებაა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განხორციელება 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან დაიწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვალდებულების ეფექტიანად აღსრულებისთვის, სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით თითოეული სპეციფიკური ნარჩენის შესახებ უკვე შეიმუშავა სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიები, რომელშიც განსაზღვრული იქნება შესაბამისი ზომები ნარჩენი შესაფუთი მასალის წარმოქმნის პრევენციის, მისი ხელახალი გამოყენების, რეციკლირების შესახებ, რაც ცალსახად მიუთითებს ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობაზე გადასვლას.

უწყების ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი“.

„პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“, რაც მიმართულია პოლიეთილენის პარკების გარემოში მოხვედრის შემცირებაზე/პრევენციაზე და ის ასევე ხელს შეუწყობს ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოების განვითარება/წახალისებას. პირველ ეტაპზე, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან იკრძალება ნებისმიერი ტიპის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ასევე, აიკრძალა ოქსო-ბიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ამასთან ერთად, მიმდინარეობს წამახალისებელი ზომების შემუშავება პლასტიკის და მინის ბოთლებისათვის ე.წ. დეპოზიტის სისტემის დასანერგად, რაც მომხმარებლებს გაუჩენს მოტივაციას იმის, რომ მოხდეს ბოთლების დიდი ნაწილის უკან ჩაბარება, რაც შეამცირებს ნაგავსაყრელებსა და გარემოში მსგავსი ტიპის ნარჩენებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Ipn.ge

მსგავსი სტატიები