თბილისში MAN-ის ტიპის 90 ახალი ავტობუსი შემოვა

Construction News

თბილისში, უახლოეს მომავალში, MAN-ის ტიპის 90 ერთეული ახალი ავტობუსები შემოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც პოლონეთში კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება.

„რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს.

MAN-ის ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი თბილისში გამოსაგზავნად უკვე მზადაა. ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 10-მეტრიანია, აქვს 27 სკამი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით – გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა, ასევე, დაცულია მოცურებისგან; ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია USB- დამტენების რვა წერტილით, რომელიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილზე.

ავტობუსები ასევე, აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემითა და გააჩნია გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება. MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი ქალაქში ხვალიდან, ეტაპობრივად შემოვა.

მსგავსი სტატიები