თბილისის განვითარების ფონდმა ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება. რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც,
პროექტის საერთო ღირებულება 9,679,520 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.