თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართა

Construction News

თბილისში, მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “პირველი არხის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, კორპუსის აშენების შემთხვევაში ქუჩაზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, რომელსაც მერიაში შეიტანენ. აქციის მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ თბილისის ხელისუფლება და მერი ამ კორპუსის მშენებლობას არ დაუშვებს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში მიმდინარეობს წარმოება აღნიშნულ პროექტზე, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ხმაური იყო მზიურის ტერიტორიაზეც, სადაც „დაიცავი მზიურის” წევრები კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ და მაჟორიტარ, ბიძინა გეგიძეს უნდა შეხვედროდნენ. აქციის მონაწილეებს უნდა გაეცნოთ ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც აპროტესტებდნენ მზიურის პარკთან მშენებლობას.

აქციას იმ მოსახლეობის კონტრაქცია მოყვა, რომელიც ამ დრომდე ელოდება ბინებს აღნიშნულ მშენებარე კორპუსში.

„დაიცავი მზიურის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარე მშენებლობა საფრთხეს უქმნის მზიურის ლანდშაფტს.

აქციაზე იმყოფებოდა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მშენებლობას 2017 წლიდან ახორციელებს. მისი თქმით, ეს ტერიტორია 2016 წელს შეიძინა, ხოლო ნებართვა აიღო 2017 წელს.

მსგავსი სტატიები