თბილისში კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა აიკრძალება

Construction News

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების აღსაკვეთად, კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა აღიკვეთება.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის  და მისი სწორად განვითარებისთვის.

„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად”, – აღნიშნა მან.

დედაქალაქის მერის განმარტებით, წლების განმავლობაში კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ, ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას.

„მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც შევუდექით ჩვენს საქმიანობას და K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები.

როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამშენებლო ბიზნენის წარმომადგენლებიც იზიარებენ.

“მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გაანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი”, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სტატიები