თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველი ივლისიდან ამოქმედდება

Construction News

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რადგან თბილისში 500,000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება, პირველი არეალი კი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩა იქნება.

„ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით დიფერენცირებული იქნება. ამაზე საკრებულოსთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებია. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი განაგრძობს მუშაობას სხვა არეალებზეც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხები კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

„საათობრივი პარკირების ზონაში მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას განაგრძობს და მათ მანქანის ალტერნატივად განვითარებულ, განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შევთავაზებთ. თბილისი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალაქი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი სტატიები