თბილისში ზონალური პარკირება პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

Construction News

ზონალურ-საათობრივი პარკირება, საპილოტე არეალში ავტობუსების სრული ოდენობით მიწოდების დაგვიანების გამო, პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე, სიახლე საპილოტე რეჟიმში  კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანში ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გვსურს,  ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარკირების რეფორმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პარალელურად განვახორციელოთ, ზონალური პარკირების 1 აგვისტოდან ამოქმედების გადაწყვეტილება მივიღეთ”, – განაცხადა ქალაქის მერმა.  

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ინიციატივის უმთავრესი მიზანი ქალაქში საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი უკვე დაწყებულია. მერიამ უკვე შეიძინა 90 MAN-ის მარკის ავტობუსი, აქედან 40 დედაქალაქში ერთ თვეში ჩამოვა. გარდა ამისა, გაფორმებულია ხელშეკრულება 220 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე და ისინი აგვისტოს ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა.

ცნობისთვის – საათობრივი პარკირება არ შეეხებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. გარდა ამისა, საათობრივ-ზონალური პარკირება ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის უფასო იქნება.

მსგავსი სტატიები