თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ, შესაძლოა ერთჯერადი ამნისტია გამოცხადდეს

Construction News

თბილისის მერიაში სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვდა შედგა. შეხვედრის მონაწილეებს მერმა სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

კერძოდ, საუბარი შეეხო ერთჯერად ამნისტიას ისეთ შენობებთან მიმართებაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო ექსპლუატაციაში ვერ შედის.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე, 2009 წლამდე არსებული ნორმის აღდგენა, რაც გულისხმობს დასრულებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ან მასში შესახლების აკრძალვას, ექსპლუატაციაში
მიღებამდე; დეველოპერები ასევე გაეცნენ დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც გაჩერებული მშენებლობების დასრულების მხარდაჭერის მიმართულებით გატარდება.

თბილისის მერია სამშენებლო კანონმდებლობის რეფორმირებას აგრძელებს. დღეს შევხვდით სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და გავაცანით ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ საკანონმდებლო დონეზე. ეს, პირველ რიგში, შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადებას, შემდგომში კი კანონმდებლობის უფრო მეტად გამკაცრებას, რათა მშენებლობების პროცესში ამგვარი დარღვევები აღარ მივიღოთ; ასევე ვაპირებთ, გავამკაცროთ კანონმდებლობა ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ნაწილში – გვინდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იყოს შესაძლებელი შენობის ფუნქციონირება და მასში ცხოვრება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს შეღავათების დაწესება დაუსრულებელი მშენებლობების მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

მსგავსი სტატიები