თბილისში $48 მილიონის ინვესტიციის შედეგად ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

Construction News

თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ გაიხსნა. სასტუმრო დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გახსნა.

სასტუმრო “ვინდამ გრანდ თბილისის” პროექტი კომპანია „სიტიემის“ (City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად განხორციელდა. სასტუმროს გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მართვას კომპანია Mc Inerney Hospitality International Georgia ახორციელებს.

სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიულ შენობებს შორის მდებარეობს. კომპანიამ „სიტი ემ“ პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3,650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის, ორი საპრეზიდენტო, ხუთი საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანია.

სასტუმროში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts მსოფლიო მასშტაბით, 80-ზე მეტ ქვეყანაში 9,000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა.

თბილისის მერმა სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, სასტუმროს პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მერიის მხრიდან მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

სასტუმროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები