თბილისში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება

Construction News

საქართველოს დედაქალაქში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, მერიამ ფონდს პროექტის განსახორციელებლად, ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა.

„დედაქალაქის მერიამ, დაახლოებით, ორი ჰექტარი მიწა გადასცა ფონდს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა მშენებლობის ყველა ეტაპზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აუტიზმის ეროვნული ცენტრი, რომელიც რეგიონული მნიშვნელობისაა და ანალოგი არ აქვს, აუტისტური სპექტრის მქონე 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს მოემსახურება. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

კომპლექსის მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური საწარმოების კომპონენტი წარმოადგენს, რაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, სამუშაო უნარ-ჩვევები შეიძინონ, დასაქმდნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ცენტრის კონცეფცია მოიცავს ასევე, ინკლუზიურ კომპონენტს.

პროექტის ფარგლებში კოტეჯები, სპორტული კომპლექსი, აუზი და კინოდარბაზი აშენდება. სავარაუდოდ, მშენებლობა 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება, „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები