თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე 780,032 ლარი დაიხარჯა

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, სადაც სამუშაოებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები დაგვემონტაჟებინა. ჩვენ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და უახლოეს მომავალში ეს გზა მთლიანად განათებული და მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო კიუვეტები, წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები, რათა ასფალტის საფარზე წყალი არ დაგროვდეს. გზის საფუძვლის მოწყობის შემდეგ, ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე 14,000 კვ. მ ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოების განხორციელებაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 780,032 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები