თბილისის ყველაზე დიდი მიწისქვეშა პარკინგი ორბელიანის მოედანზე მოეწყობა

Construction News

„ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები 20 მაისისთვის უნდა დასრულდეს, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების ჩათვლით. გარდა ამისა, აქ მოეწყო პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც 170 ავტომანქანაზეა გათვლილი. ეს არის ყველაზე დიდი პარკინგი ქალაქში. ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება და ტექნოლოგიურადაც შესაბამისადაა გამართული. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცენტრი შეიქმნა, სადაც დაახლოებით, 20 ობიექტზე გვიწევდა მუშაობა. მათგან 13 – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ყველა მათგანი ექსპერტებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართულობით აღვადგინეთ, რათა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა თითოეული დეტალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დღეს კახა კალაძემ, ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო არეალში სრულად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები (წყლის, წყალარინების, გაზმომარაგების, კავშირგაბმულობის) და მოეწყო სადრენაჟე, სანიაღვრე ქსელები. კონსტრუქციულად გამაგრდა დაზიანებული შენობები, შენობების საფასადე ნაწილებიდან მოიხსნა ქაოსურად მოწყობილი გაყვანილობები, გაიწმინდა და დამუშავდა შენობების დაზიანებული საფასადე ნალესობები, აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა ნაძერწ დეტალებს, ხისა და ლითონის ნაკეთობებს, შეიცვალა და განახლდა გადახურვის კონსტრუქციები, მთლიანად გამოიცვალა თუნუქის სახურავები და მოეწყო წვიმის გადასაყვანი სისტემები. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებას, რომლის რეაბილიტირებული მონაკვეთი იწყება მუშთაიდის ბაღიდან, დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 70 მლნ ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი სტატიები