თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის საბოლოო პროექტს დღეს უყრიან კენჭს

Construction News

დღეს, საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან დოკუმენტს, რომელიც დედაქალაქის განვითარების მომავალს განსაზღვრავს.

საკრებულოს დეპუტატებს გენგეგმის საბოლოო პროექტს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე წარუდგენს.

დღესვე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელებენ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აგებულია ოთხ ძირითად პრინციპზე – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქი. გენგეგმის პროექტში ურბანული განაშენიანების და განვითარებისთვის ახლებური მიდგომებია ასახული. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ისტორიულ-კულტურული ნაწილის განვითარებას და ლანდშაფტურ მნიშვნელობაზე.

დოკუმენტის თანახმად, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა ყველა ძველი მშენებლობა დასრულდება.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მერიამ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა, რის გამოც მისი მიღება გაჭიანურდა. მერიამ “სითი ინსტიტუტი საქართველო” 140,000 ლარით დააჯარიმა. დოკუმენტის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,800,000 ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები