თბილისის მეტროში ახალი შემადგენლობების დამატების მიზნით ტენდერი გამოცხადდა

Construction News

თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებ 20 მილიონი ლარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩვენი მიზანია, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში, მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გავხადოთ, ხოლო მეტროს სადგურები და ვაგონები რეაბილიტირებული და განახლებული იყოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს მეტროში არსებულ მდგომარეობასთან და ვაგონების დაზიანებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, თუმცა მსგავსი შემთხვევები წლების წინაც ხდებოდა.

“ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში, თანხები სწორად არ იყო მიმართული, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის, ასევე, სიგნალიზაცია-ვენტილაციის პროექტის განხორციელებისთვის. აქედან 70 მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკისგან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მეტროში დაზიანებების შესახებ არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მგზავრთა ნაკადი გაზრდილია.

„2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა; 2018 წელს იყო 305 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა; 2019 წელს კი გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მგზავრების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 2016 წელს დღეში მგზავრის საშუალო რაოდენობა იყო 273,000, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელია 100 ათასით გაიზარდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სტატიები