თბილისის მერი: გენგეგმის მიღებით საკრებულო უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ განვითარებას

Construction News

ამიერიდან თბილისს აქვს ახალი გენგეგმა – ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ბრიფინგზე განაცხადა.

“20-25 წლის განმავლობაში, ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა: ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად.

რა თქმა უნდა, წლობით დაგროვილ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან. 

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მერიამ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა, რის გამოც მისი მიღება გაჭიანურდა. მერიამ “სითი ინსტიტუტი საქართველო” 140,000 ლარით დააჯარიმა. დოკუმენტის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,800,000 ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები