თბილისის მერის მეხუთე მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის მეხუთე მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება.

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა, ხოლო რაც შეეხება მის შემცვლელს, დედაქალაქის მერმა საკუთარი მოადგილის პოსტზე ანდრია ბასილაიას კანდიდატურა წარადგინა.

ანდრია ბასილაია 2017 წლიდან თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ბოლო პერიოდში კი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის 2002 წლიდან დღემდე, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, 2004-2006 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკში უფროსი ეკონომისტი იყო; 2006-2008 წლებში შპს „მულტიპლექს სოლუშენის“ ფინანსური/გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა; 2008-2010 წლებში შპს „გეოინკორის“ ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2010-2011 წლებში კი, შპს „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი იყო. იგი ასევე, 2002 წლიდან სხვადასხვა საერთაშორისო საზოგადოების წევრია.

დღეს ასევე ცნობილი გახდა თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსის ვინაობა. ამ პოსტზე დედაქალაქის მერმა ვიქტორ წილოსანი წარადგინა.

ვიქტორ წილოსანი აქამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის პოსტზე მის წინამორბედს, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გიორგი ებანოიძე მუშაობას „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.

მსგავსი სტატიები