თბილისის მერია LED სანათებზე კონკურსს გამოაცხადებს

Construction News

დედაქალაქის მერია თბილისში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტსა და პროექტის შექმნის საკითხს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც, არსებული გარე განათებები ჩანაცვლდება.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველა ქუჩა შესაბამისად უნდა განათდეს და შეიქმნას გარე განათების სტანდარტი.

„დღეს, თბილისში ქუჩების სტანდარტი არ არის დაცული და ყველა ქუჩა სხვადასხვანაირად არის განათებული. რა თქმა უნდა, ყველა ქუჩა ერთნაირად არ უნდა იყოს განათებული. საუბარი მაქვს ახალ, თანამედროვე LED ტიპის განათების სისტემაზე, რომელიც ეკონომიურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად, ტენდერი გარე განათების სტანდარტის პროექტირებაზე, შემდეგ კი გარე განათების არსებული სისტემის ჩანაცვლებაზე გამოცხადდება.

„ჩვენ კონცეფცია უკვე შემუშავებული გვაქვს. „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალება, გამოაცხადოს ტენდერი პროექტთან დაკავშირებით. როდესაც უკვე პროექტი მომზადდება, გარე განათებების LED სანათებით ჩანაცვლებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები