თბილისის გარემოსდაცვითი საფრთხეები

Construction News
Environmental Threats of Tbilisi

ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში. თბილისში, სადაც  1 158.7 მილიონზე მეტი მოსახლეა, გარემოსდაცვითი პრობლემა მრავლადაა, მათ შორის სამშენებლო საქმიანობიდან გამომდინარეც. გარემოს დაბინძურებასთან ერთად, გარემოსდაცვითი საფრთხეები ადამიანების ჯანმრთელბასაც აზიანებს და ხშირად ლეტალური შედეგის მაპროვოცირებელიც ხდება.

დედაქალაქში უმწვავეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი კი ქალაქში არის ტრანსპორტი და სამშენებლო ინდუსტრია. შესაბამისად აქტუალურია  ჰაერის დაბინძურების სწორედ ორი ტიპი –  გამოფრქვეული აირები, მათ შორის საწვავში მაღალი დოზით არსებული გოგირდის შემცველი გამონაბოლქვი და მტვერი.

მტვერი, მათ შორის სამშენებლო, რომელიც ჰაერში იფანტება, მოსახლეობისთვის უსერიოზულესი პრობლემაა, რადგან ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვერი, ჰაერის ნებისმიერ სხვა დამაბინძურებელზე გაცილებით მეტად ვნებს ჯანმრთელობას.  მტვრის  ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს განვითარების რისკებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებით, ევროპის მასშტაბით თბილისში, ანკარისა და სკოპიეს შემდეგ, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა. მათივე ცნობით, ჰაერის დაბინძურების შედეგად,  მსოფლიოში წლის მანძილზე 7 მილიონი ადამიანი იღუპება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტო”, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში. იმისთვის, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდექსი დადგინდეს, დაკვირვება იწარმოება მის შემადგენელ შემდეგ ნაწილაკებზე: მტვერზე, გოგირდის დიოქსიდზე, ნახშირჟანგზე, აზოტის დიოქსიდზე, აზოტის ოქსიდზე, მანგანუმის დიოქსიდსა და ტყვიაზე. სააგენტოს კვლევის თანახმად, თბილისში 23-29 ოქტომრის ჩათვლით, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. კერძოდ, 24 ოქტომბერს, 10 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე მტვრის მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება, ყაზბეგის გამზირზე  დაფიქსირდა 1.6-ჯერ და წერეთლის გამზირზე – 1.2-ჯერ. 25  ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისის ყველა სადგურზე – წერეთლის გამზირზე 1.6-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და  ვარკეთილში 1.2-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში 1.1-ჯერ. 29 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში მხოლოდ წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ.

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებით სხვა მრავალი პრობლემაც არსებობს – თუნდაც  ისეთი, როგორიცაა ქარის ვარდნის, ანუ ქარის მიმოქცევის შეცვლა, რაც ექსპერტის განმარტებით, მრავალსართულიანი შენობების ქაოტური მშენებლობების შედეგია.

„თბილისისთვის უსერიოზულესია განიავების პრობლემა,  რადგან მაღალსართულიანმა შენობებმა ჩაკეტეს ძალიან ბევრი გასასვლელი. შენობები  აშენდა იქ, სადაც არ უნდა აშენებულიყო, ანუ სადაც განიავების მაღალი პროცენტი იყო. დედაქალაქისათვის ასევე დამახასიათებელია სითბური ტალღები, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია გაუნიავებლობითა და მშენებლობაში შუშების ინტენსიური გამოყენებით. კერძოდ,  როცა ქალაქში განიავება არ ხდება, შემინული შენობები ანარეკლის მეშვეობით იწვევენ საკმაოდ მაღალი ტემპერატურის დაგროვებას“ – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.

დედაქალაქში გამწვანების საკითხი პრობლემატური რომ არის, ჩხობაძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ გარდა ხეების მოჭრისა, მწვანე ნარგაობის შემცირებას იწვევს ქალაქში არსებული სითბური ტალღებიც, რაც ხშირად მცენარეებს მთლიანად ახმობს.

„ძალიან ბევრ ტერიტორიაზე, სადაც გამწვანებული ნარგაობა არსებობდა, აშენებულია შენობები და კატასტროფულად შემცირდა სკვერები და პარკები. რადგან შენობებს ვერ ვანგრევთ, ეს შესაძლებელია კომპენსირებული იყოს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღებით, რაც შენობების თერმოიზოლაციასაც შეუწყობს ხელს“ – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, დაბალხარისხიანი სამშენებლო მასალები კიდევ ერთი საფრთხეა, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე გარემოს.

 „ჩვენ არ ვიცით ზოგ შემთხვევაში რა ტიპის მასალები გამოიყენება. თითქმის ყველა დეველოპერი ცდილობს, იაფი სამშენებლო მასალა გამოიყენოს იმისთვის, რომ შენობის თვითღირებულება არ გაზარდოს. ამას ემატება სამშენებლო ნარჩენებიც. ხშირ შემთხვევაში ძველი სახლები აზბესტით ან ისეთი საღებავებით არის შეღებილი, რომლებიც ტყვიას შეიცავს.  ასეთი ტიპის სახლების დანგრევის შემდეგ,  ქალაქში სამშენებლო მასალების კანონიერი გატანის მექანიზმის არაეფექტურობის გამო, ნარჩენები  ხშირად უკანონო ნაგავსაყრელებზე ხვდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის გარშემო ასეთი რაოდენობის სამშენებლო ნარჩენი არ დაგროვდებოდა. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ნარჩენი საბოლოო ჯამში თვითონ არის მტვრის გამავრცელებელი, ამიტომ ის მტვერთან დაკავშირებით სერიოზულ საფრთხესაც ქმნის“ – განმარტა ჩვენთან საუბარში ნინო ჩხობაძემ.

სამშენებლო საქმიანობის გარემოზე, კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე  უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა. კერძოდ, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სანქციების ამოქმედებას შემდეგი მიმართულებებით: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობისთვის; მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის; განთავსებისას, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის…

აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებამ და შემდეგ კანონის ამოქმედებამ, გარემოსდაცვით სხვა ქმედით ღონისძიებებთან ერთად, დადებითად უნდა იმოქმედოს დედაქალაქის გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ჟურნალი “Construction Solutions”

მსგავსი სტატიები