თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე 15-მილიონიანი პროექტი დადგენილ ვადაში არ შესრულდა

Construction News

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 15 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტი დადგენილ ვადაში არ შესრულდა.

“პირველი არხის” ინფორმაციით, საუბარია საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის, საჰაერო ხომალდების სამღებრო ანგარის, საჰაერო ხომალდების სადგომისა და სამიმოსვლო ბილიკის მოწყობაზე.

2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ეარფლეინ ტექნიკსს“ აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული 43,524 კვ.მ მიწის ფართი აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა. პროექტის დასრულების ვადად 2017 წლის 16 სექტემბერი იყო განსაზღვრული.

„აღსანიშნავია, რომ სამუშაოები დაწყებულია და აღნაგობის უფლების მქონე ყოველთვიურად იხდის აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურს − 22 ათას ლარს. 2017 წლის ბოლოსათვის, განსახორციელებელი სამუშაოების შეუსრულებლობის გამო დასაკისრებელი საჯარიმო სანქცია შეადგენდა 31, 800 ლარს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციიდან ჩანს, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს გარკვეული სახის მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში შესატანი შესაძლო ცვლილებებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე“, – აღნიშნულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2017 წლის შესაბამისობის ანგარიშში.

2017 წლის მაისში ობიექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. თუმცა, აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმ დროისთვის ინვესტორს ვალდებულებათა მხოლოდ ნაწილი ჰქონდა შესრულებული.

მსგავსი სტატიები