ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია იგეგმება

Construction News

დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებას გეგმავს, რის შემდეგაც ორივე პარკს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში  საპარკე კულტურა მკვიდრდება და რეკრეაციული სივრცეებით ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს.

თბილისის მერმა, მაია ბითაძეს ორივე პარკის პროექტირებისთვის ფინანსების მოძიება დაავალა, რომ შემდგომში მათი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდეს.

მინდა მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის  პროექტების დამუშავება და შემდეგ მათი განხორციელება შევძლოთ. ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო კვლევა და დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს. საჭიროა ასევე თანხების მოძიება. დენდროლოგიური პარკი კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაა, დაახლოებით 150 ჰექტარზეა გადაჭიმული და აქაც შესაძლებელია საქალაქო დონის პარკის მოწყობა, სადაც ადამიანებს ყველა რაიონიდან ექნებათ შესაძლებლობა მოვიდნენ, დაისვენონ. გავაკეთოთ საპიკნინე ადგილები, გასართობი ზონები… რაც კი თანამედროვეობასთან არის კავშირში, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები უნდა ჩატარდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შესაბამისი თანხების მოძიება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით, ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის საპროექტო სამუშაოებს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახორციელებს.

მსგავსი სტატიები