“ვეკუას” სკოლის მოსწავლეებმა გათბობის სისტემის ახალი პროექტი შეიმუშავეს

Modern Roofing

ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მენტორ მასწავლებლებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მოსწავლეებმა სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნეს მათ მიერ შემუშავებული, მზის სინათლით გათბობის სისტემის პროექტი.

მოსწავლეების მიერ შემუშავებული სისტემა მაქსიმალურ ეფექტს დიდი ფართობიდან არეკლილი მზის სხივების წყლის მასაზე კონცენტრირების საშუალებით იღებს. მათი განმარტებით, ახალი სისტემა 20%-ით უფრო ეფექტური და იაფია სხვა ალტერნატივებზე, არის მდგრადი კონსტრუქციის და ადვილი შესანახი.

ახალგაზრდების თქმით, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მზის პანელების დამონტაჟების შესახებ, გაუჩნდათ იდეა მათი პროექტის ამავე მიზნით შეთავაზების შესახებ.

შეხვედრის მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია პროექტის უფრო დეტალურად გაცნობა და მისი პრაქტიკაში ტესტირება, რასაც უახლოეს მომავალში დაგეგმავენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამის (USAID/Energy Program) ტექნიკური მხარდაჭერით, მზის პანელები საქართველოს შვიდ რეგიონში, 87 სოფლის 207 ოჯახში დაამონტაჟა. მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებული იყო მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან.

ინფორმაციას “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები