ვახუშტის რეაბილიტირებულ ხიდზე მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ვახუშტის ხიდის მდგომარეობა, ავარიულობის თვალსაზრისით, არც თუ ისე სახარბიელო იყო, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია მერიის პრიორიტეტებში პირველ ადგილზე იდგა.

ვახუშტის ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქ პრობლემა საკმაოდ სერიოზული იყო, რაც ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა. ავარიულობიდან გამომდინარე, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია პრიორიტეტებში პირველ ადგილზე იყო. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი პრობლემა აღარ არსებობს და ყველაფერი მოგვარებულია. დარჩენილია გზის დახაზვის სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, საყრდენების გამაგრების სამუშაოებიც ჩატარდა – შეიცვალა ხიდის საყრდენი ბოძები, მიწისქვეშ მოექცა ელექტროსადენები, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები, LED ნათურებით. ასევე, მოწესრიგდა კუნძულები და გამწვანება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,633, 800 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ხიდის მდგრადობას მონიტორინგს ერთ-ერთი ევროპული კომპანია გაუწევს.

მსგავსი სტატიები