ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება

Construction News

დედაქალაქის მოსახლეობა ვაშლიჯვრის ესტაკადის მოლოდინშია. ორდონიანი პანდუსის მშენებლობა, გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა მშენებლობის საწყის ეტაპზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროექტი 6 თვეში უნდა დასრულებულიყო.

ესტაკადამ უნდა განტვირთოს ერთ-ერთი გადატვირთული მონაკვეთი დედაქალაქში და ვაშლიჯვარსა და დიდ დიღომს შორის გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ამ დროისთვის ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციული ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

რადგანაც ესტაკადის დასრულების შემდეგ, მაღალი ინტენსივობით მოძრაობა იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტი გამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ, მოსახლეობა შეძლებს, აღნიშნული ესტაკადით ისარგებლოს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოაჯირების მონტაჟი უკვე დასრულდა.

პროექტის ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, განმარტებას თბილისის მერი აკეთებს. მისი თქმით, მშენებლობის პროექტი შეიცვალა, რადგან მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო იქ არსებული ხე-მცენარეები, ასევე პროექტი კერძო საკუთრებასაც ეხებოდა, ხოლო ცვლილების გამო, დრო გაიწელა  – პირველადი პროექტით, იქ დაახლოებით 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო.

ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და მისი ბიუჯეტი მშენებლობის დაწყების მომენტისთვის 4,3 მილიონ ლარს შეადგენდა.

მსგავსი სტატიები