ვაშინგტონის მეტრო ყოველდღიურად $400,000 კარგავს

Construction News

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის მეტრო ე.წ. შათდაუნის გამო, ყოველდღიურად 400,000 დოლარს კარგავს. ამის შესახებ ნათქვამია მეტროს გენერალური დირექტორის პოლ უიდფელდის წერილში, რომელიც მან მერილენდისა და ვირჯინიის დემოკრატ სენატორებს გაუგზავნა, რომელთა ამომრჩევლები დედაქალაქის მეტროპოლიტენით სარგებლობენ.

22 დეკემბერს ფედერალური დაწესებულებების მეოთხედმა შეამცირა მუშაობა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო. პრეზიდენტი ტრამპი ბიუჯეტს ხელს არ აწერს სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დამატებითი ასიგნაციების გარეშე. დემოკრატები კი კონგრესში ამ საკითხზე დამატებითი თანხების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიან.

ვაშინგტონის მეტროს დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე მეტროპოლიტენით 16%-ით უფრო ნაკლები მგზავრი სარგებლობს. მისი თქმით, თუ „შათდაუნი“ კიდევ გაგრძელდება, მეტროპოლიტენი მუშაობის პარამეტრებს შეცვლის.

„პრეზიდენტ ტრამპის მიერ მოწყობილი „შათდაუნი“ მეტროს ფინანსურ მდგომარეობასა და მთლიანად სისტემის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს“, – აცხადებენ დემოკრატები.

ვაშინგტონის მეტრო აშშ-ში დატვირთვის მიხედვით მეორე ადგილზეა. მისი მგზავრების 40%-ს კი საჯარო პირები შეადგენენ.

“შათდაუნის” დროს აშშ-ის ფედერალური სააგენტოები ვალდებული არიან, შეწყვიტონ ყოველგვარი მომსახურება. მუშაობას აგრძელებს მთავრობის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ფუნქციონირება აუცილებელია. მაგალითად, აეროპორტის უსაფრთხოება და სამართალდამცავი ორგანოები. ამ პერიოდში მომუშავე მოხელეები ანაზღაურებას არ იღებენ.

“შათდაუნი” გაგრძელდება, სანამ კონგრესი ბიუჯეტის ახალ დოკუმენტს არ მიიღებს და პრეზიდენტი ხელის მოწერით კანონად აქცევს.

ria.ru

მსგავსი სტატიები