ვარკეთილში ავარიული კორპუსის გამაგრება წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი

Construction News

ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, მესამე კვარტალში, N13 კორპუსის გამაგრებას დედაქალაქის მერია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა დღეს აქცია გამართეს და კორპუსის გამაგრების სამუშაოების ჩატარება მოითხოვეს.

გალაქტიონ ბუაძისთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მერია შენობის გამაგრებას აღარ აპირებს. მისი თქმით, რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შესყიდულია და პროექტის ღირებულება დაახლოებით 2,600,000 ლარს შეადგენს.

„აღნიშნული შენობა ავარიულია, დაახლოებით მესამე კატეგორიის დაზიანებები გააჩნია. რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია შესყიდულია, რომლის ღირებულება დაახლოებით 2,600,000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დაწყებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ვაპირებთ. ეს იქნება გარდამავალი პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მასშტაბურია. კორპუსი ხუთ სადარბაზოს მოიცავს. სრულიად გაურკვეველია, რატომ გაჩნდა აზრი, თითქოს დედაქალაქის მერია შენობის რეაბილიტაციას არ აპირებს. პროექტის დასრულება 2020 წელს იგეგმება. თუმცა დაზუსტებულ ვადებს და ბიუჯეტს მას შემდეგ დავასახელებთ, როცა უკვე სამუშაოები დაიწყება“, – განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

მისივე განმარტებით, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია დედაქალაქის მერიის პრიორიტეტად რჩება, თუმცა მასშტაბურობიდან​ გამომდინარე, თბილისში არსებული ყველა ავარიული კორპუსის გამაგრების სამუშაოები ერთდორულად ვერ განხორციელდება.

გალაქტიონ ბუაძის თქმით, შენობების შერჩევა მათი ავარიულობის და მასშტაბურობის მიხედვით ხდება, რეაბილიტაციის დაწყებამდე კი გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის, სპეციალურ ექსპერტიზას გადის.

„ავარიული შენობების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად რჩება და ამისთვის სპეციალური პროგრამაც გაგვაჩნია. როგორც კი მოსახლეობისგან ან ამხანაგობებისგან მივიღებთ შეტყობინებას ავარიული შენობის შესახებ, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია მყისიერად ახდენს პირველად, ვიზუალურ შეფასებას. ამის საფუძველზე ხდება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. ყველა ეს პროცედურა არის დაცული და პრიორიტეტების მიხედვით ვმუშაობთ. რეაბილიტაციის ყველა პროექტი აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ სპეციალურ ექსპერტიზას გადის. ამის შემდეგ ტენდერი ცხადდება და სამუშაოების შესრულებაც იწყება“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

მსგავსი სტატიები