ენერგოეფექტური მშენებლობა – კანონმდებლობა და პერსპექტივები

Construction News

საქართველოში ენერგოეფექტურობის პრინციპების დამკვიდრებას მშენებლობაში, უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით, რაც სამშენებლო სექტორს ახალი გამოწვევებისა და რეგულაციების წინაშე აყენებს.

რა გამოწვევებსა და რეგულაციებზეა საუბარი და როგორ უნდა მოიქცნენ მშენებლები, რათა ახალი მოთხოვნების ფონზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ, ეს კითხვები ჩვენ ენერგოეფექტურობის ცენტრის (EEC) დირექტორს, გიორგი აბულაშვილს დავუსვით.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად ენერგოდაზოგვა, შესაბამისად კი ენერგოეფექტური მშენებლობა ითვლება, საქართველოში რატომ არ იყენებენ მას აქტიურად?

  • სამწუხაროდ, მთავარი მიზეზია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობა: ბოლო დროს საქართველოში თითქოს ენერგეტიკული შიმშილის პროცესი აღარ არსებობდა და ქვეყნის მენეჯმენტის ყოველდღიური საზრუნავი იყო რუტინული, მოკლევადიანი საკითხები და არა საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები, მით უმეტეს ისეთ თემატიკაში, რომლის შესახებაც მაინცდამაინც დიდი ცნობიერება არ იყო გადაწყვეტილების მიმღებ პირებში. გარდა ამისა, არ არსებობდა და არც ახლა არსებობს უწყება, რომელიც შენობებში ენერგომოხმარებაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, არც მშენებლის, არც მენაშენისა და არც შენობის ექსპლუატაციის მიმღების მიერ, ენერგოეფექტურობას არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. გარდა ამისა, ბაზარზე გაჩენილი ახალი სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების შესწავლა, მშენებელისთვის დამატებითი თავის ტკივილია. ხშირად მუშების კვლიფიკაციაც არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.

2014 წლის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებითა და 2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობით, საქართველოს სამშენებლო სექტორისათვის რა შეიცვალა?

  • ჯერ ერთი, ეკონომიკურმა კრიზმა, რომელიც  სამშენებლო სექტორსაც შეეხო, გაამძაფრა კონკურენცია და რიგმა დეველოპერებმა ბაზარზე დარჩენის მიზნით მომხმარებლებისთვის რაღაც ახლის შეთავაზება დაიწყეს, შესაბამისად მარკეტინგულ ხრიკად გამოიყენეს შენობების დათბუნება, ენერგოეფექტურობა. ევროასოცირების პროცესმა კი გვიბიძგა რიგი  საკანონმდებლო პაკეტების შემუშავებისკენ, მათ შორის იმ პაკეტების, რომლებიც ენერგოეფექტურობას არეგულირებს. აქედან გამომდინარე, მომზადდა  ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის კანონპროექტი, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტი და ახლა მზადდება ენერგოეფექტურობის კანონპროექტი, რომელიც ყველა სექტორს ფარავს. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ  კიდევ პროექტების სახით არსებობს და ოფიციალური გადაწყვეტილება მათი ძალაში შესვლის შესახებ არ არის მიღებული. ამის პარალელურად, მიმდინარეობს სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების იმ ნაწილის დამუშავება, რომელიც ენერგოეფექტურობას დაარეგულირებს.

რას გულისხმობენ  და რას არეგულირებენ ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტები?

  • სამოქმედო გეგმა არის ზოგადად ენერგოეფექტურობის შესახებ, თუმცა მასში ცალკეა შენობების ნაწილი, რომელშიც გაწერილია შენობების თბოტექნიკური მახასიათებლების  გაუმჯობესების, ასევე შენობებში გამოყენებული ენერგომომხმარებელი ტექნიკის ენერგოეფექტურობის მახასიათებლების გაუმჯობესების შესახებ.

რაც შეეხება კანონპროექტს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, საქართველოში ეს კანონპროექტი მოითხოვს, რომ მოხდეს შენობების სერთიფიცირება ყოველი გასხვისებისა და გაქირავების დროს. ასევე, აყალიბებს მოთხოვნას ენერგეტიკული ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბების შესახებ,  ქმნის ენერგო აუდიტირების სისტემას, უფრო სწორად, კანონი აყალიბებს ამ ჩარჩოს, მაგრამ ყველა დეტალი უნდა გაიწეროს კანონქვემდებარე აქტებით, რომლებზეც დაწყებულია მუშაობა. იგივე ნორმები არის ამ კანონქვემდებარე აქტების ნაწილი, სამშენებლო კლიმატიზაცია იქნება, თუ  რომელ რეგიონში აშენებული შენობა რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კანონპროექტი  კანონმდებლებს 2023 წლიდან თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების მშენებლობაზე გადასვლას სთავაზობს.

ზოგადი ენერგოეფექტურობის შესახებ მეორე კანონპროექტი, შენობებთან დაკავშირებით ითხოვს, რომ ყოველწლიურად არსებული საჯარო შენობების საერთო ფართის ერთი პროცენტი გახდეს ენერგოეფექტური.

სერთიფიცირების პროცესს ვინ უნდა დააკვირდეს და ვინ უნდა გასცეს ის?

  • სერთიფიკატის გამცემი არის კერძო სუბიექტი, მაგრამ სერთიფიკაციის პროცესს აყალიბებს  აკრედიტაციის სააგენტო, ანუ მან უნდა  ჩამოაყალიბოს წესები და მოთხოვნები. პრინციპული ცვლილება სერთიფიკაციის საერთო სქემაში არ იქნება.  ამ სისტემის სტრუქტურა არ იქნება განსხვავებული სერთიფიკაციისა და აკრედიტაციის სხვა სისტემებისგან.

2010-2012 წლების ევროდირექტივების იმპლემენტაციის ვადები შეიძლება გადაიწიოს, რა ეტაპზეა ახლა?

  • ენერგოეფექტურობის ეროვნულისამოქმედო გეგმის მიღება არის ევროდირექტივის შეთანხმებით დარეგულირებული საკითხი. ის  ვადას ჩამორჩება. ჯერჯერობით კანონმდებლობა ენერგოეფექტურობისა და საერთო ენერგოეფექტურობის შესახებ ვადაშია. მათ მისაღებად საჭიროა სამთავრობო და საპარლამენტო კონსულტაციები.

განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარების კუთხით საქართველოს სამშენებლო სექტორში რა მდგომარეობაა?

  • განახლებადი ენერგიის სამოქმედო გეგმის დამუშავება ახლახან დასრულდა. მასში საუბარია  შენობებში გამოყენებადი განახლებადი ენერგიის წახალისების მექანიზმებზე, ძირითადი აქცენტი კეთდება მზის წყალგამაცხელებელ თერმულ სისტემებზე, ბიომასის ეფექტური გამოყენების საშუალებებზე, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე გამათბობლებსა და გეოთერმიის გამოყენებაზე, სადაც ამის საშუალებაა.  განახლებადი ენერგიის შესახებ კანონი მუშავდება და იქაც რიგი კანონქვემდებარე აქტები იქნება შესამუშავებელი.

ფინანსური თვალსაზრისით, ტრადიციულთან შედარებით უფრო ძვირი გამოდის ენერგოეფექტური შენობის მშენებლობა?

  • მშენებელისთვის არა, რადგან რასაც დაუკვეთავენ, იმას ააშენებს. მენაშენისთვის, რომელიც გასაყიდად აშენებს, ალბათ კი, მაგრამ, ადამიანი ან უწყება, რომელიც საკუთარი სარგებლობისთვის აშენებს,  ნამდვილად არა, თუმცა შენობის აგების  ღირებლება შეიძლება იყოს ძვირი. რამდენიმე წლის წინ გარკვეული შეფასება გააკეთა USAID-მა, რომლის მიხედვით ენერგოეფექტური შენობის აგება სადღაც 5%-ით უფრო ძვირი შეიძლება იყოს.

რამდენად პერსპექტიულია საქართველოში ენერგოეფექტური მასალების წარმოება ?

  • ტრადიციულად, ქართული არქიტექტურული ნიმუშები იყო ენერგოეფექტური და კლიმატს მორგებული, ამიტომ განსხვავდებიან იმერული, რაჭული, მესხური და ა.შ. სახლები ერთმანეთისგან. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამშენებლო მასალებითაც, ანუ საქართველოში ენერგოეფექტური მასალები არ არის პრობლემა. სხვადასხვა თანამედროვე მასალებს, რომლებიც კედლის სისქის ზედმეტ გადიდებას არ ითხოვს, რამდენადაც ვიცი, საქართველოშიც აწარმოებენ. უბრალოდ, ჩვენი ბაზარი ჯერ არ ითხოვს ენერგოეფექტურ მასალებს. პოტენციალი არის და მოთხოვნის გაჩენისთანავე  განვითარდება.

ზემოხსენებული კანონპროექტების ამოქმედების შემდეგ კონკურენტუნარიანობა რომ შეინარჩუნონ, როგორ უნდა მოიქცნენ მშენებლები. რას ურჩევდით მათ?

  • მშენებლებს დასჭირდებათ შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელი. თუმცა, პირველ ეტაპზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მუშახელის ყოლა, ვფიქრობ, მათთვის მტკივნეული საკითხი იქნება. ამიტომ,  მათ მუშახელის გადამზადება უნდა მოახდინონ.

ვურჩევდი მათ, რომ გადახედონ, გადაახალისონ ჩვენს ბაზარზე არსებული სამშენებლო მასალები, გაეცნონ მათ ენერგომახასიათებლებს, მოემზადონ და ასევე მოიძიონ სხვადასხვა სამშენებლო ენერგოეფექტური მასალების პოტენციური მომწოდებლები.

ჟურნალი “Construction Solutions”

მსგავსი სტატიები