“ემ ჯი ალიანსის” ობიექტზე სამშენებლო პროცესი შეჩერებულია

Construction News

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

“2019 წლის 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, კომპანია შ.პ.ს ,,ემ ჯი ალიანსის” სამშენებლო ობიექტზე. დაღუპულია 2 დასაქმებული. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ამ შემთხვევაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით დაიწყო ობიექტის შემოწმება. დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება”, – წერია განცხადებაში.

ორთაჭალაში, მშენებარე ობიექტიდან სამი პირი გადავარდა. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე საავადმყოფოში  გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მესამე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

კომპანია “ემ ჯი ალიანსის” დირექტორის განცხადებით, დაშავებულებიდან 2 იყო მუშა, მესამე კი ვიზიტორი. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ადგილზე დაიღუპა, რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო.

მსგავსი სტატიები