ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ გარემოსდაცვითი რეგულაციების მიღების პროცესი ივნისამდე გადადო

Construction News

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის თქმით, ქვეყნის კლიმატისა და ენერგეტიკული საკითხების მარეგულირებელ კანონში ცვლილებების ძალაში შესვლა უნდა გადაიდოს.

რეგულაციები, რომლებიც მაკრონის ადმინისტრაციამ მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა, მათივე თქმით, კიდევ უნდა გადამუშავდეს და უფრო ამბიციური გახდეს.

როგორც Econews.com იტყობინება, პროცესი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. შემოთავაზებული ვარიანტები გარემოსდამცველებმა ბუნდოვანების გამო რამდენჯერმე გააკრიტიკეს. განსაკუთრებით ბუნდოვანი იყო, როგორ აპირებდა საფრანგეთი 2050 წლისთვის “ნახშირბადის ნულოვანი გამოყენების” მიღწევას.

როიტერის ცნობით, პრეზიდენტი მაკრონი მოითხოვს პირადად გაუძღვეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიებს. მაკრონმა 2 წლის წინ სხვადასხვაგვარი წარმატებით წამოიწყო ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მხარდამჭერი კამპანიები, თუმცა ზოგიერთმა ბოლო ცვლილებამ, მათ შორის საწვავზე ფასის ზრდამ, სერიოზულად შეარყია მთავრობის რეპუტაცია. საბოლოოდ საფრანგეთის მთავრობამ 6-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა მანამდე ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ აქციები საზოგადოებისა და პოლიციის შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა. აქციების პროცესში მაკრონი ცდილობდა მდგრადი განვითარების პოლიტიკის მხარდაჭერას.

მისაღები გარემოსდაცვითი კანონპროექტის შაბლონში, გრძელვადიანი მიზნებია გაწერილი, რომელიც კლიმატის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, თუმცა კანონს სიზუსტისა და კონკრეტიკის ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ. მათ შორის ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, თუ როგორ განკარგავს საფრანგეთი ბირთვული ენერგიის რესურსებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, ხელახლა შემუშავებულ რეგულაციაში სათბურის გაზების შემცირების საკითხიც შევა.

მსგავსი სტატიები