ელექტროდამტენებს თბილისში უფასოდ დაამონტაჟებენ

Construction News

11 თებერვლიდან ამოქმედდება ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება.  

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა. გარდა ამისა, ელექტრომობილების პარკირება უფასო იქნება. ამასთან,  გვაქვს კიდევ ერთი სიახლე: შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, აღნიშნულ ვებგვერდზე დარეგისტრირდეს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ და ჩვენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვართ, ელექტროდამტენები სახლთან დავუმონტაჟოთ. გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესთან და ელექტროდამტენების უფასოდ დამონტაჟება, რომელზეც ვსაუბრობთ, განხორციელდება ბიზნესთან ერთად ანუ მუნიციპალიტეტი არაფერს დახარჯავს“, – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სტატიები