ეთიოპია “სიმენსთან” თანამშრომლობით ელექტროენერგიის ექსპორტს დაიწყებს

Construction News

გერმანულმა ფირმა “სიმენსმა” ეთიოპიის მთავრობასთან მოლაპარაკებები დაასრულა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც “სიმენსი” ეთიოპიას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროს პროექტების განხორციელებასა და ელექტროენერგიის ექსპორტში დაეხმარება.

შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის გარდა, ფირმა ეთიოპიელ ტექნიკოსებსაც გადაამზადებს. შეთანხმებას დადებითად აფასებენ “ეთიოპიის ინვესტირების კომისიის“ (EIC) წარმომადგენლებიც.

“სიმენსის” გენერალური დირექტორის, ჯო კეზერის განცხადებით, კომპანია ქვეყანას სპეციფიკური ენერგეტიკული სირთულეების დაძლევაში დაეხმარება და ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც რეგიონში განხორციელდება “აღმოსავლეთ აფრიკის ინტერკონექტორია” (East Africa Interconnector). პროექტის განხორციელების შემდეგ, 1,000-კილომეტრიანი კავშირგაბმულობის ქსელის საშუალებით, ეთიოპია კენიაში ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, ეთიოპიის ეკონომიკური ზრდის სტრატეგია ენერგეტიკის წარმოების პროცესს მჭიდროდ უკავშირდება. ამის მაგალითია “ეთიოპიის დიდი რენესანსის კაშხალი” მდინარე ნილოსზე, რომელიც 2011 წლიდან შენდება და ენერგიის წარმოებას 2020 წლიდან დაიწყებს.

ცნობისთვის, “სიმენსმა” პირველი ოფისი ეთიოპიაში 2017 წელს გახსნა.

მსგავსი სტატიები