ეგვიპტეში, კურორტ შარმ-ელ-შეიხის გარშემო კედელს აშენებენ

Construction News

ეგვიპტის ხელისუფლება სინის ნახევარკუნძულის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხის გარშემო კედელს აშენებს.  

მიუხედავად ფოტო მტკიცებულებებისა, სინის ნახევარკუნძულის გუბერნატორი კედლის მშენებლობას უარყოფს.

“ეს არ არის კედელი, ვინ თქვა, რომ ეს კედელია. ჩვენ არ გვაქვს კედელი”, – აცხადებს გენერალი ხალედ ფოუდა.

მისი თქმით, პროექტი ბეტონის ბარიერისა და 37 კილომეტრ სიგრძის მქონე მავთულხლართის ღობისგან შედგება, რომელსაც ქალაქში შესაღწევად “4 მშვენიერი კარი აქვს”.

“ის მიზნად ისახავდა “შარმ-ელ-შეიხის დაცვას”. ჩვენ ამას ვაკეთებთ მომავლისთვის. პროექტი დაეხმარება შარმ-ელ-შეიხს, რომ ტურიზმის შედეგად დაკარგული შემოსავლების კომპენსირება მოახდინოს”, – დასძინა მან.

ფოტო და ვიდეომასალა აჩვენებს, რომ დაახლოებით 6 მეტრის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ფიქრობენ, ქალაქის გარშემო აღიმართება.

კედლის მშენებლობის მსგავსი გეგმა, სამხრეთ სინის ხელისუფლებას 2005 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ არ განხორციელდა.

ადგილობრივების თქმით, კედელი ტურიზმს არ წაახალისებს, არამედ, პირიქით, ის მასზე უარყოფითად იმოქმედებს. 

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში, მათ შორის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ტურისტების ნაკადმა მას შემდეგ იკლო, რაც 2015 წელს ტერორისტული თავდასხმის შედეგად, რუსული სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, რის შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა.

theguardian.com

მსგავსი სტატიები