დღეს 20:00 საათზე განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნება

Construction News

განახლებული ორბელიანის მოედნის  გახსნამდე ერთი დღით ადრე, კახა კალაძემ რეაბილიტაციის  დასრულებული სამუშაოები  კიდევ ერთხელ დაათვალიერა  და მოსახლეობა  დღეს 20:00 საათზე, ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია.

ვეპატიჟებით ყველას, თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს, მობრძანდით და შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი.  თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი. ჩვენ არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისში დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა.

აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია, მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია.

დასკვნით ეტაპზე განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის – 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც გულისხმობს 7 სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის 2 ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები, ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით 15 მლნ ლარია.

მსგავსი სტატიები