დღეს მაია ცქიტიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ისაუბრა

Construction News

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში საქართველომ  ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, რომელიც ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს – განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2022 წლისთვის, როცა მსხვილი პროექტები დასრულდება,  კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება საგარეო და შიდა კავშირების დასამყარებლად.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებიდან თურქეთის საზღვრამდე, ორჯერ უფრო ნაკლებ დროში ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგისტრალური ქსელების გარდა ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის შიდა კავშირების მოწესრიგებაზე, რომ ქვეყნის შიგნით ადამიანები ყველა რეგიონიდან ადვილად დაუკავშირდნენ არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, არამედ ევროპასაც. ჩვენ ასევე ჩაბმული ვართ რკინიგზის მოდერნიზებაში, რომელიც ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, როგორც ტვირთების გადატანის, ისე ადამიანების მომსახურების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში გახსნილ თემატურ პანელზე გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ენერგო და ციფრული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, არსებობს მაღალი პოტენციალი ევროპის ქვეყნებს მივაწოდოთ ჰიდროენერგორესურესები, რაც ხელს შეუწყობს  ბაზრის დივერსიფიცირებას. საქართველო, როგორც ციფრული ფორმით ბიზნესის წარმოების რეგიონული ცენტრი, არსებული თავისუფალი რეგულაციებით, აჩენს ახალ შესაძლებლობებს  მეტი ინვესტიციის მოსაზიდად. ჩვენ ასევე ვზრუნავთ, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ავაშენოთ, რაც მოგვცემს საშუალებას საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები განვავითაროთ. ამგვარი კავშირები ევროპისა და აზიის ქვეყნების ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელ სამუშაო პირობებს უზრუნველყოფს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა,  ძალიან მნიშვნელოვანია დავაკავშიროთ ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა პორტთან, საიდანაც შემდეგ დავუკავშირდებით ევროპას. მისი თქმით, სახელმწიფო მხარს უჭერს კერძო კონსორციუმს და კერძო ბიზნესს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში და რომ ეს  მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.

ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ საუკეთესო გარემო და საფუძველი შევქმნათ და მხარი დავუჭიროთ კერძო ინვესტორებს ამ პროექტის განხორცილებაში, ეს რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,  დარწმუნებული ვარ რომ კერძო ინვესტორები და ყველა დაინტერესებული მხარე გაიღებს გარკვეულ კომერციულ რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეარბილებენ და გაანეიტრალებენ ამ რისკებს.  სახელმწიფო ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ  სახარბიელო საფუძველი შეუქმნას ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. 

მსგავსი სტატიები