დევნილი ოჯახებისთვის 700-ზე მეტი ბინის შესყიდვა მოხდება

Construction News

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეების კონკურსის მორიგ ეტაპს აცხადებს.

სამინისტრო თბილისში, დაახლობით, 700, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას შეისყიდის.

საკონკურსო წინადადებების მიღება 5 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ დაადგინა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.

კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების – „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით გამოცხადდა.

მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარმოადგინონ (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა). მენაშენეებისთვის ღია კარი დღეც გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019-2020 წლების ბიუჯეტში, მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის მიზნით 51,500,000 ლარი გამოიყო. 2018 წლის ბოლოს, სამინისტრომ, მენაშენეების კონკურსის შედეგად, თბილისში 500, ხაშურში 25 და მარნეულში 20 ბინა შეისყიდა. საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

მსგავსი სტატიები