დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების ჭრის პროცესი გაგრძელდება

Construction News

უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრები დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან სანიტარიული ჭრების შესახებ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ შეცდომაში არავინ შეიყვანოს და აღნიშნული ჭრები გადაუდებელი აუცილებლობაა.

საზოგადოება უკვე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ, დედაქალაქში ძალიან ბევრი დაავადებული ფიჭვია. ამ თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მავნებელი გადამდებია. რა თქმა უნდა, გამხმარი ხეების მოჭრა აუცილებელია. ამავდროულად, ხდება მათი ჩანაცვლება. საგაზაფხულო რგვები უკვე განვახორციელეთ და ანალოგიურად, შემოდგომაზეც ვაპირებთ, რომ მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დავრგოთ. უახლოეს დღეებში, კონკრეტულ ლოკაციებზე, ქუჩებზე იწყება გამხმარი ფიჭვების ჭრის სამუშაოები. საზოგადოება წინასწარ მინდა გავაფრთხილო, რომ შეცდომაში არავინ შეიყვანოს. ხშირი იყო ამ თემით მანიპულირება, მოსახლეობას ატყუებდნენ, რომ თითქოს, სხვადასხვა მშენებლობის გამო, ჯანსაღი ხეები იჭრებოდა. მგონი, ამ კონტექსტიდან გამოვედით და ყველა ხედავს ჩვენს მიდგომას, როგორია ჩვენი მწვანე პოლიტიკა, ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, ქალაქის ეკოლოგიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სანიტარიული ჭრების სამუშაოებს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ.

დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრის პროცესი უკვე დაწყებულია.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელდება.

უახლოეს მომავალში დაავადებული ხეების მოჭრა დაგეგმილია ისეთ სარეკრეაციო ზონებში, როგორიცაა თამარაშვილის სკვერი, ვერის ბაღი და 9 აპრილის პარკი.

მსგავსი სტატიები