დედაქალაქის მერი “ადამიანი და მზე”-ს მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

Construction News

თბილისის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

ყველას გვახსოვს, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნული მონუმენტის ირგვლივ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები და ხელოვნული ტბა. მონუმენტი, რომელიც გაძარცვული იყო, შარშან აღვადგინეთ. სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით, ოთხი მლნ ლარი დაიხარჯება, ნოემბერში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თარგების რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია დენდროლოგიური სამუშაოები, სარწყავი სისტემისა და გარე განათების მოწყობა. ასევე, მოეწყობა დეკორატიული აუზი, სპეციალური ჯიხური დაცვის სამსახურისთვის და ტექნიკური სათავსო, სადაც ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა დამონტაჟდება.

დენდროლოგიური ნაწილი ნოყიერი მიწის შეტანას, 380 ახალი ხე-მცენარისა და ბუჩქის დარგვას ითვალისწინებს, მათ შორის, ძახველი, ლეკის ხე, ტირიფი, სოფორა, ნეკერჩხალი, ამბრის ხეფშატი, არღავანი, ბაბილონის ტირიფი, ქვამუხა და სხვა. ამასთანავე 24,000 კვ.მ-ზე ბალახი ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება.

მსგავსი სტატიები