დედაქალაქის მასშტაბით ახალგაზრდებისთვის 10 თემატური და კრეატიული სივრცე განთავსდება

Construction News

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.

პრეზენტაციაზე სოფიო ხუნწარიამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სიახლეზე – Tbilisi Lab-ის პროექტზე, რომელიც თბილისში, პროფესიული ლაბორატორიების შექმნას ითვალისწინებს.

ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც თბილისის მერთან უკვე შეთანხმებულია.  დედაქალაქის მასშტაბით, 10 რაიონში 10 საინტერესო სივრცე გაკეთდება, სადაც განთავსდება თემატური და კრეატიული სივრცეები ახალგაზრდებისთვის. თითოეულ ლაბს თავისი მენტორი ეყოლება. მიმართულებები იქნება: არქიტექტურა, ციფრული ტექნოლოგიები, ეკოლოგია, დიზაინი და  ხელოვნება. ასევე, იფუნქციონირებს საკონსულტაციო სივრცე, რადგანაც ბევრ ახალგაზრდას სურს საზღვარგარეთ წასვლა, განათლების მიღება და ჩვენ ამ მიმართულებით კონსულტაციას გავუწევთ. აღნიშნულ ლაბორატორიებში სარეპეტიციო დარბაზები განთავსდება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სივრცე, სადაც დაუკრავენ“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

მერის მოადგილემ ისაუბრა სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებაც, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ასევე პრეზენტაციაზე კიდევ ერთი საინტერესო პროექტი დააანონსდა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქტი წარმოადგინონ.

ჩვენ “ფლი მარკეტის” ორგანიზატორებთან ვთანამშრომლობთ. მათთან და ღამის ეკონომიკის ჯგუფთან ერთად, გაჩნდა იდეა Night მარკეტის ამოქმედების. მარკეტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე განთავსდება და ქალაქს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სექტემბრიდან მერთან არსებული ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება.

საბჭო ყველა საჭირბოროტო საკითხში და ყველა მიმართულებაში იქნება ჩართული და ჩვენ გავითვალისწინებთ მის რეკომენდაციებს და რჩევებს. აქაც პროფესიების მიხედვით იქნებიან წევრები შერჩეული, თუმცა სხვა კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა შევარჩიოთ ისინი, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. აქაც გვჭირდებიან ურბანისტები, არქიტექტორები, გამწვანების სპეციალისტები, ტრანსპორტის მიმართულებით სპეციალისტები“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

სექტემბრიდან თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს კიდევ ერთი სიახლე ელით:  თბილისი ევროპის სტუდენტური ბარათის ქსელს შეუერთდება, რომლითაც სტუდენტები სხვადასხვა ობიექტში შეღავათებით და ფასდაკლებებით ისარგებლებენ 36 ქვეყანაში.

მსგავსი სტატიები