დაზარალებული 100-მდე ოჯახი ფართებით დაკმაყოფილდება

Construction News

დედაქალაქის მერია ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 100- მდე ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას შეძლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დადებითი შედეგით დასრულდა.

„კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვა გვქონდა გამოცხადებული, რომელზეც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, შენობა-ნაგებობები უნდა აშენდეს.
სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე უარყოფითი შედეგით დასრულდა. შემდეგ, შევცვალეთ მიდგომა და იმისთვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დაინტერესებულიყვნენ, გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული 12 223 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დადებითად დასრულდა. მერიამ კონკურსი ჩაატარა და დაზარალებულებისთვის ფართების გადასაცემად ბევრად უკეთესი შეთავაზება მიიღო, ვიდრე ეს ინდივიდუალურ რეჟიმში თბილისის მერიისთვის იქნა
შეთავაზებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კონკრეტული ჯგუფი დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად, დედაქალაქის მერიას დაახლოებით, 5000 კვ. მეტრის გამოყოფას სთავაზობდა, რაც საკონკურსო პირობების შედეგად, გაუმჯობესდა.

„ჩვენ საკონკურსო პირობა მერიის ვებგვერდზე განვათავსეთ. შედგა ვაჭრობა, რომლის შედეგადაც, 5 000 კვ. მეტრის ფართი 7 100 კვ. მეტრამდე გაიზარდა, რის შემდეგაც, დამატებით, 100-მდე ოჯახის დაკმაყოფილებას ვახერხებთ, ვისი ვალიც
სახელმწიფოს 90-იანი წლებიდან აქვს აღიარებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების ფართებით დაკმაყოფილება ხდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,
რომ დაზარალებულთა რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ და აღნიშნული პრობლემა ყველას მოვუგვაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახსაც გადაეცემა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პირველ ეტაპზე, დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება.

ცნობისთვის, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება.

მსგავსი სტატიები